ნიკოს საყვარელი ბაღი მუშტაედი იყო. აქ იგი სულიერ სიმშვიდეს პოულობდა. ერთხელ, ჩვეულებრივ, ნიკო მუშტაედს ესტუმრა. ესტრადაზე მომხიბლელი ფრანგი ქალი, მარგარიტა მღეროდა. ნიკოს ერთი ნახვით ისე შეუყვარდა ქალი, რომ იგი მისი სიცოცხლის განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს იყო და ეს, ამ დღის შემდეგ ნიკოსთვის მარგარიტას და მხატვრობის გარდა, ქვეყანაზე აღარავინ და არაფერი არსებობდა. ერთ დღეს მარგარიტამ სახლამდე გაცილება სთხოვა. მთელი გზა ფეხით გაიარეს. გამომშვიდებისას ნიკომ ქალს ხელზე აკოცა და გულდარდიანმა ჯელალ ელ-დინ რუმის ლექსის ორი სტროფი უთხრა ზეპირად:
ძალმიძს, რომ შევქმნა სახეთა ჯარი,
მაგრამ როდესაც შენ გამოჩნდები,
მათ ყველას ერთად წარიღებს ქარი.
ათასი სახე შევქმენი სრული,
ვნებით აღვანთე, შთავბერე სული,
მაგრამ გამოჩნდი და ყველა ერთად
მწვავე ცეცხლს მივეც და ხელი ვკარი”.
ფრანგი მომღერლის წარსული არავინ იცოდა. მთავარი იყო – მარგარიტას განუმეორებელი,
მომაჯადოებელი ხმა ჰქონდა. მას შემდეგ რაც ნიკომ მარგარიტა გაიცნო, თავგზა აებნა. უკვირდა, უიღბლო პირველი სიყვარულის შემდეგ გული თუ კიდევ გაუთბებოდა, არ ეგონა. ერთხელ, დილაადრიან ნიკო დაზგას მიუჯდა, მუყაო მოიმარჯვა და მარგარიტას ხატვას შეუდგა. ნახატს ფონად დეკორაციის მუქ-ლურჯი ფერები შეურჩია. დეკოლტე კაბით, წელზე გრძელი ქამრით, შიშველი მკლავებით და მთელი ტანით გამოსახულ ქალს ოქროსფერი თმები ჩამოუშალა, მხარზე ოქროს ჩიტი შემოუსკუპა და ხელში ყვავილების თაიგული დააჭერინა. ჩიტით ნიკომ მარგარიტას უმანკოებას გაუსვა ხაზი. სურათი მსუბუქი, ჰარმონიული გამოვიდა, მასში სიღრმეც და სისპეტაკეც იგრძნობოდა. 1898 წელს ხუთი მაისი, ზაფხულის ნათელი დილა იდგა. სოლოლაკის შესახვევში, კუთხის სახლის პატარა ორსართულიან შენობაში ჯერ კიდევ ძილი მეფობდა. კუთხის სახლიდან ერთი კვერტალის მოშორებით შეჩერდა ურემი. პირველს მეორე ურემი მიადგა, მეორეს - მესამე, ხოლო როდესაც ბოლო, მეათე ურემი შეჩერდა, მეურმეებმა ურმებიდან ბღუჯა-ბღუჯა გადმოიღეს მინდვრის ნამიანი ყვავილები და კუთხის სახლისკენ წაიღეს. როდესაც ცხრა ურემი ყვავილი მოაბნიეს ქუჩაში, მერე პირველ ურმიდან სისხლისფერი ვარდები ფრთხილად გადმოიღეს და ყვავილების ხალიჩაზე, მთელ სიგრძეზე წითლად მოხასხასე ბილიკი გააკეთეს. გამვლელები თვალებს არ უჯერებდნენ. ასეთი რამ თბილისში არასოდეს მომხდარიყო. ისინი განცვიფრებულნი ჩერდაბოდნენ და რაღაცის მოლოდინში ლაპარაკსაც ვერ ბედავდნენ. კუთხის სახლიდან მოხუცი გამოლასლასდა, ქუჩაში ყვავილების ხალიჩა, რომ დაინახა, ფეხის შედგმა ვერ შებედა, პირჯვარი გადაიწერა და შეცბუნებული უკანვე შებრუნდა. მალე კიბეზე ოქროსთმიანი ქალი გამოჩნდა. მოსასხამი მოეხურა, იდგა და სივრცეში გაოგნებული იცქირებოდა. უცებ, მოსახვევიდან მაღალი, გამხდარი მამაკაცი გამოჩნდა. ნიკო იყო. იგი ყვავილნარზე შედგა და ქალისკენ გაეშურა, ხელში წითელი ვარდი ეკავა. ქალმა როგორც კი ნიკო დაინახა, მიხვდა: ამდენი ვარდ-ყვავილის ფიანდაზად გაგება მხოლოდ მას შეეძლო. ხელგაშლილი ქალი მისკენ გაიქცა. - ჩემო ნიკო, ეს რა ჩაიდინე? დღეს ხომ შენი დაბადებისდღეა და ნაცვლად იმისა, მე მომერთმია შენთვის საჩუქარი, შენ, შენ… ცრემლების ნაკადულმა ქალს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცა. ნიკოს მარგარიტა სიცოცხლეს ერჩივნა, ქალმა ვერ დააფასა მისი უბიწო სიყვერული და მიატოვა. “მტრედი გაფრინდა, წარიტაცა ჩემი ოცნება და დავრჩი უსახლკარო, მიუსაფარი” - ამბობდა ნიკო. ის გულწრფელი მიამიტი იყო, ენდობოდა ქვეყანას, ადამიანებს. მისი ნაზი სული ვერ შეეგუა ღალატს. ფრანგი მომღერალი ქალის უიღბლო სიყვარულმა ერთი ხელის დაკვრით დაუნგრია ოცნების ბოლო კოშკი და აფიქრებინა ის, რისი გაფიქრებაც ყოველთვის აშინებდა, ადამიანები ხშირად საკუთარი თავის გამორჩენისთვის იღიმებიანო. სიყვარულის დაკარგვის შემდეგ მისმა ცხოვრებამ დაჰკარგა ფასი. მეეზოვის ნაწყალობებ კიბის ქვეშ მდებარე სათავსოში შეყუჟული, დროს ებრძოდა, ხატავდა და ხატავდა. ბევრი სურათი დააგროვა, მაგრამ პურის ფულის შოვნა მაინც უჭირდა. არავის უნდოდა უცნობი მხატვრის შედევრები.